saqarTvelos tbebi - jandaris tba

მდებარეობა გარდანბის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°25`30` ჩ. გ. 45°13`01` ა. გ.
სიგრძე 6.4 კმ
სიგანე 3 კმ
ფართობი 10.6 კმ²
მოცულობა 51 კმ³
საშუალო სიღრმე 3.75 მ
მაქსიმალური სიღრმე 7.2 მ
გამჭვირვალობა 1 მ

 

ტბა გარდანბის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ტაფობში ზღვის დონიდან 291,4 მ. სარკის ფართობი 10,6 კმ², საშუალო სიღრმე 3,75, მაქსიმალური 7,2. წყლის მოცულობა დაახლ. 51 მლნ. მ³.

ჯანდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს მტკვრის აუზში. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა, მისი ნახევარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც. ტბის ჩრდილო - დასავლეთით ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიც. აქ განვითარებულია, ხისტი ჭაობის მცენარეულობა (ძირითადად ლელი და ლაქაში). არხის შესართავის მიდამოებში გვხვდება აგრეთვე შვიტი ანუ ძორის ძუა.

ჯანდარის ტბა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კმ-ის დაშორებით, რუსთავიდან კი 20 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ატმოსფერული და მიწისქვეშა წყლების მონაწილეობა მის კვებაში უმნიშვნელოა. ჯანდარის ტბას არა აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ტბის ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით.

ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. მე-XIX საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. 1927 წელს ჯანდარის ტბა დააშრეს. ხოლო 1928 წელს ხელახლა შეავსეს. ზაფხულში ტემპერატურა 30-32°-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს. ჯანდარის ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. მისი გამჭირვალობა დაახლოებით 1 მ-ია. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო. სასმელად უვარგისია.

ჯანდარის ტბით ირწყვება აზერბაიჯანის (ყაზახის რაიონი) მინდვრები და საქართველოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიწები. XX საუკუნის 60-იან წლებში იქთიოლომა ოთარ ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის თევზი, მათ შორის: კავკასიური ქაშაპი, ლოქორია, მტკვრის ტობი, მტკვრის ციმორი, ხრამული, მტკვრის წვერა, ჭანარი, მურწა, შამაია, მტკვრის თაღლითა, შავწარბა, აღმოსავლური ფრიტა, ამიერკავკასიური ბლიკა, აღმოსავლური კაპარჭინა, ტაფელა, კობრი, წინააზიური გველანა, ლოქო, გამბუზია, თეთრი სქელშუბლა, თეთრი ამური, ჭრელი სქელშუბლა და ჭერეხი.

ჯანდარის ტბა იქთიოფაუნის მრავალფეროვნებით საქართველოში პალიასტომის ტბას თუ ჩამოუვარდება. იგი საქართველოს წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის